ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნათია ჯანგულაშვილი ქრისტიანული და მითოსური ნაკდი ვაჟა-ფშაველას „უიღბლო იღბლიანში“ვაჟა-ფშაველას პოემათა შორის ერთ-ერთი გახლავთ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პოემა „უიღბლო იღბლიანი“. აღნიშნული თხზულება, რომლიც 14 თავისაგან შედგება, პირველად გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილა („ივერია“, 1902, № 87 – 91).
ავტორი ნაწარმოებს ზღაპარს უწოდებს, თხრობასაც ზღაპრისთვის ნიშანდობლივი ფორმულით - „იყო და არა იყო რათი“ - იწყებს. საზოგადოდ, ის გვევლინება, ვითარცა სხვათა ნათქვამის ჩვენთვის გადმომცემელი. აქ თავს იჩენს ერთგვარი გაუცხოება ავტორისა. მკითხველს უჩნდება შთაბეჭდილება, რომ პოეტი აღწერილი ამბის უშუალო თანამონაწილე და მომსწრე კი არ ყოფილა, არამედ იგი თავადაც ვიღაცისგან სმენია. შემოქმედის ამგვარი მიდგომა თითქოს მითოსურ, ზღაპრულ, იდუმალებით მოცულ საბურველში ხვევს გადმოსაცემ ამბავს.
ფაბულის მოკლე შინაარსი ამგვარია: ერთ ოჯახში სამი ძმა ცხოვრობდა. მეტად აღვსილთ და სარჩო-საბადებლით გალაღებულებს შემოსავალიც დიდი ჰქონდათ და გაცემასაც არ ერიდებოდნენ. ამათგან კი განსაკუთრებით უმცროსი ძმა გამოირჩეოდა სიუხვით. მიუხედავად იმისა, რომ „სამ ძმას სამება სწყალობდა“ [ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:47], „ბედის სიმუხთლემ“ უკუღმა წაიყვანა მათი საქმე და მალე ოჯახი წახდა, გაღატაკდა. ძმებმა მიიღეს გაყრის გადაწყვეტილება და მშობლიური სახლი უმცროსმა ძმამ დატოვა. ამის შემდგომ კი თხრობა მთლიანად მის თავგადასავალს ეთმობა.
ავტორი მიზნად ისახავს „სიცრუვ-სიმართლის“ მოთხრობას, ხოლო მთავარი სათქმელი ჩვენ, მკითხველებმა, უნდა გამოვარკვიოთ, განვსაჯოთ. ვაჟას თითქოს არ სურს მორალის წაკითხვა, თუმცა შენიშანავს, რა უბიძგებს მას ამ ამბის გადმოსაცემად:
„ეს ფიქრი მტანჯავს მხოლოდა,
როგორც თავის მსხვერპლს ჯალათი:
უსამართლობა სიმართლეს
რისთვისა სჯაბნის ძალათი?“ [ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:47].
პოეტს მიაჩნია, რომ სანამ მას შეეძლება „მხოლოდ გულით საცნაურის“ გამოთქმა, ზამთარი არ დაუდგება:
„ჯერ ხანად მე და ჩემს სტვირსა
არ დაგვდგომია ზამთარი,-
გული საგრძნობლად და ენა
გრძნობის სათქმელად მზად არი“
[ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:47].
როგორც მოცემული სტროფიდან ჩანს, ზამთრის დადგომა უგრძნობელობას გამოხატავს. აქედან გამომდინარე, საფიქრებელია, რომ მას, ვისაც ძალუძს სხვათა თანალმობა, სამართლიანობის გზაზე დადგომა, ყინვისა და სუსხისაგან „მოშორვებულია“. ჩვენ სწორედ ამგვარ პოეტს ვხედავთ, რადგანაც მას უჭირს დადუმება და თავისი „დაუზამთრებელი“ შეძლებით, „სტვირით“ მოვითხრობს ამბავს. ამგვარ დამოკიდებულებას ვაჟას შემოქმედებაში არაერთხელ ვხვდებით, მათ შორის, საყოველთაოდ ცნობილ „ბახტრიონშიც“:
„მკვდარია უგრძნობი კაცი,
უსაზარლესი მკვდარზედა,
მით რომე სიცოცხლე უდგას
სალის ყინულის ტახტზედა“ [ვაჟა-ფშაველა, ტ.III, პოემები,1964:168].
პოეტი საუბრობს იმგვარ მდგომარეობაზე, რასაც ნათლად გამოხატავს ქართული ლექსიკური ერთეული „ცოცხალ-მკვდარი“. აღნიშნული სიტყვა მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა იყო ფიზიკურად ცოცხალი, მაგრამ ამავე დროს - მკვდარი, ე.ი. სულიერად დატყვევებული, დამონებული. უგრძნობელობა, გულგრილობა საწინდარია სულიერი სიკვდილისა, მგრძნობელობის კარიბჭის დაგმანვისა.
აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით გვახსენდება გურამიშვილის სიტყვები: „მზევ მომეშველე, განმათბე, სიცივით ნუ დამაძრობა“ [გურამიშვილი 1955:74], ან: „ყინვა მკლავს და მარჩობს ბუქი, განმათბე, მომფინე შუქი“ [გურამიშვილი, 1955:76]. სიცივისა და სითბოს, ზამთრისა და ზაფხულის თემატიკა ვრცლადაა წარმოდგენილი პოეტის შემოქმედებაში. სამეცნიერო წრეებში გავრცელებული აზრის თანახმად, „დავითიანში“ მზე მოხმობილია არამხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით, დატყვევებული გურამიშვილის ფიზიკურად გასათბობად, გზის მაჩვენებლად და გასანათებლად, არამედ მზე აქ ქრისტეა, „მზეთა მზის“ - მამა ღმერთისაგან გამომავალი „სხივი“. შესაბამისად, მოყვანილ სტრიქონებში ვლინდება პოეტის სწრაფვა მაცხოვრისაკენ, რომელიც ჭეშმარიტების გზის მაჩვენებელი, ცოდვის ბნელეთიდან სინათლეში გადამყვანია.
„ბახტრიონიდან“ მოხმობილ ეპიზოდში, მართალია, „მზე“ არ ჩანს, მაგრამ, პოეტის თქმით, უგრძნობია ის, ვისაც ღმერთი ჰყავს დაკარგული (ანუ მზენაკლულია, სითბონაკლული) და ზამთარი _ გულგრილობა ისადგურებს მასში, სიცივე „აზრობს“ ასეთი ადამიანის სიცოცხლეს.
უნდა აღინიშნოს, რომ პოემის _ „უიღბლო იღბლიანის“ _ დასაწყისშივე კეთილგანწყობით ვიმსჭვალებით უმცროსი ძმის მიმართ, რომელიც, განსხვავებით უფროსი ძმებისაგან, გამორჩეულად წარმოგვიდგება. ტექსტიდან ვიგებთ, რომ მას ყველა აქებს, „ქვეყნის ბადალს“ უწოდებს და ლოცავს [ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:50]. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ საბრალო ბედის ძიებისას მრავალ ტანჯვას გამოივლის. მისი ყოველი თავგადასავალი პოემაში დეტალურადაა აღწერილი და, მიუხედავად გმირის არაერთი მარცხისა, მისგან საყვედურისა და ჩივილის ხმა, სიტყვა და ბგერაც კი არ ისმის. თავდაპირველად, ჯერ კიდევ მშობლიური სახლში ყოფნისას,როდესაც მისი წილი მოსავალი (მაინცდამაინც მისი წილი, თორემ სხვებს არა დაჰკლებიათ რა) სეტყვამ გააჩანგა, გულნატკენი და წამხდარი „მაინც ღმერთს მადლობას სწირავს, მართალი მართლის შვილია“ [ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:52]; მეტიც, ის საკუთარ თავში ეძებს დანაკარგის მიზეზს:
„სთქვა ბოლოს: „იქნებ უფალსა
შევსცოდე, მსჯიდეს ამაზე“
[ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:52].
საბრალოს აზრით, საკუთარი უბედურების მიზეზი, შესაძლოა, თავადვეა, რაც უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისი მზერა ჩაბრუნებულია შინაგანი სამყაროსკენ, რომ ის თვითკრიტიკულია და მომხდარის გამო სხვებს არ სდებს ბრალს... ძმებთან გაყრის შემდგომ მესამე ძმა მოჯამაგირედ დაუდგება მოხუც მწყემსს. პირობის თანახმად, თუკი ოთხი წლის გამნავლობაში ერთი ცხვარი მაინც დააკლდება ჩაბარებულ ფარას, საბრალო კუთვნილ წილზე უარს იტყვის. იღბალი ამ საქმეშიც უმუხთლებს და ზუსტად ოთხი წლის თავზე მგელი მოსტაცებს ბატკანს. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ იცვლის უფალთან დამოკიდებულებას და „-მადლობა ღმერთსა, იძახის“... [ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:59].
ბედის უკურმართობა, გაუმართლებლობა მუდამ თან სდევს უმცროს ძმას. მორიგი უბედურება თავს დაატყდება ყანის პატრონთან მუშაობისას. მან პირობა მისცა გლეხს, რომ სამოცი კაცის სამუშაოს ერთ დღეში, მზის ჩასვლამდე მოათავებდა. თუმცა, მზე სწორედ მაშინ მიეფარება თვალს, საბრალოს ერთი ძნაღა რომ დარჩება შესაკონი. ცხადია, კიდევ უფრო მტკივნეულად აღიქვამს ის ამ გაუმართლებლობას, მაგრამ არ ღალატობს თავის გზას და ამბობს:
„მადლობა შენთვის, უფალო
მაინც მადლობა შენთვინა.
ჭირი-ვაება მარგუნე,
ვკისრულობ, იყოს ჩემთვინა,
ვერ დავგმობ შენსა სამართალს,
ჭირს რომ მიჩვენებ დღემდინა!.. [ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:65].
ამხელა იმედგაცრუების შემდეგაც კი არ ნებდება საბრალო და თავსდამტყდარ ყოველგვარ უბედურებას მორჩილად იღებს; უჭირს, წუხს, უძნელდება, მაგრამ უფლის მიმართ მაინც არ დასცება აუგი და სამდურავი:
„მაინცა ვცდილობ მოთმენით
გული მოვიგო უფლისა“
[ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:66].
ამასთან დაკავშირებით, ავტორი დასძენს:
„მაინც მოელის კეთილსა,
გულში უღვივის ნუგეში“
[ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:68];
„იმის ბაგიდან უფალზე
მაინც არ ისმის ჩივილი“
[ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:69].
საინტერესოდ მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ ბედის მძებნელი საბრალოს ყოველი თავგადასავალი, იქნება ეს ყანის პატრონთან შეხვედრა, პირობის მიცემა თუ მეცხვარესთან მოჯამაგირედ დადგომა, უფლის რწმენასთანაა დაკავშირებული. ყანის პატრონთან მიცემული პირობა „ღვთის ძალის“ იმედით დადო. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, რთულია, გვერდი ავუქციოთ აზრს, რომლის მიხედვითაც, საბრალო ბიბლიური იობის სახის რემინისცენციას იწვევს. მიუხედავად მრავალი განსაცდელისა _ ქონების წართმევა იქნება ეს, თუ შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ამოწყვეტა, ოჯახის წევრების სიკვდილი და თავად მისი დასნეულება _ იობს არ დასცდება აუგი ღვთის მიმართ. გავიხსენოთ მისი სიტყვები: „და თქუა: მე შიშუელი გამოვედ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშუელივე მივიქცე მუნვე ქუეყნად, უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა უფალსა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ. ამას ყოველსა ზედა, რომელი შეემთხჳა მას, არარაჲ შესცოდა იობ წინაშე უფლისა და არარაჲ თქუა უგუნურებაჲ ღმრთისა მიმართ“ [მცხეთური ხელნაწერი, 1983, იობ.1:21,22]. გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ ავტორი მესამე ძმას უწოდებს „მართალს“, „მართლის შვილს“. ბიბლიური წიგნების თანახმად, ასეთი ადამიანი თავისი პატიოსანი და უბიწო ცხოვრების წესით უფლის რჩეულია. იობის წიგნში ვკითხულობთ: „კაცი ვინმე იყო სოფელსა მას შინა ავსიტისასა; რომელსა სახელი ერქუა იობ. და იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა“ [მცხეთური ხელნაწერი, 1983, იობ. 1:1]. იოანე ნათლისმცემლის მშობლებზე, სიწმიდისა და სიმართლის განუხრელად დამცველებზე, ლუკა მახარებელი მოგვითხრობბს: „და იყვნეს ორნივე [ზაქარია და ელისაბედი] ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“ [ახალი აღთქუმაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, 2013, ლუკ. 1:6]. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წიგნებში ნახსენებ „მართალ“ კაცზე მიგვითითებს პეტრე მოციქულიც: „და ქალაქები იგი სოდომელთა და გომორეველთაჲ დაწუა და დააქცია და დასაჯა და სახედ მერმეთა მათ უღმრთოთა დადვა. და მართალი ლოთ, დაწუნებული უშჯულოთა მათ სიბილწით მრავალთაგან, იჴსნა“ [ახალი აღთქუმაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, 2013, 2პეტრ. 2:6,7].
ბიბლიური წიგნების მიხედვით, არათუ გამორჩეული ადამიანები არიან „მართლად“ წოდებულნი, არამედ თავად უფალია ჭეშმარიტება და „მზე სიმართლისა“: „და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: „ჭეშმარიტად კაცი ესე [იესო] მართალ იყო“ [ახალი აღთქუმაჲუფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, 2013, ლუკ. 23:47]. ღვთის სამართლიანობასა და მისი სჯულის ჭეშმარიტებაზე მითითება გვხვდება ბიბლიის არაკანონიკურ წიგნებშიც. მაგალითად, ბარუქის წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „და იღჳძა უფალმან ძჳრთა ზედა, რომელნი მოაწინა ჩუენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა, რომელნი გუამცნა ჩვენ“ [მცხეთური ხელნაწერი, 1985, ბარ. 2:9].
მაშასადამე, თავად უფალია ჭეშმარიტება (გავიხსენოთ ქრისტეს სიტყვები: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხოვრებაჲ, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ [ახალი აღთქუმაჲუფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, 2013, იოან. 14:6]), ხოლო მის მცნებათა დამცველი, აღმსრულებელი, ვითარცა უფლის საქმეთა მიმბაძველი, „მართლად“ და „მართლის შვილად“ იწოდება.
ამრიგად, ამ სახელდებაში („მართალი“) უკვე იკვეთება საბრალოს სიახლოვე ღვთაებრივთან, წმინდასთან, ამაღლებულთან, რაც მის განსაკუთრებულობასა და გამორჩეულობაზე მეტყველებს. გავიხსენოთ მესამე ძმის ავტორისეული დახასიათება: საბრალო სინათლის მეგობარია, მტკიცედ დგას იმ გზაზე, რომელიც სიმართლისაა და ჯვარზეც რომ გააკრან, სიცოცხლის სანაცვლოდაც არ განუდგება, არ უღალატებს სიმართლეს, რომელიც, თავის მხრივ, სიკეთეა, უმაღლეს ნათელთან მაზიარებელი.
„შემდეგისთვისაც მას ჰფიქრობს
არ უღალატოს სიმართლეს;
ერიდოს მწიკვლსა ყოველსა
დაუმეგობრდეს სინათლეს.
რაც უნდა ავი შაემთხვას,
თუნდა გააკრან ჯვარზედა,
არ უღალატოს სიმართლეს,
ერთგულად იდგეს მაზედა“ [ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:53,54].
აღნიშნულ ეპიზოდში ნახსენები „სინათლე“ უთუოდ მოგვაგონებს მაცხოვრის სიტყვებს: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელიცხორებისაჲ“ [ახალი აღთქუმაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, 2013, იოან. 8:12]. ე.ი. ქრისტეს გზაზე სვლა, მისი აღთქმის დაცვა, ზნეობრივი ცხოვრების წესი საწინდარია აღთქმისა _ საუკუნო სიცოცხლისა.
თუკი დავით გურამიშვილისთვის სასურველია ნათლის მიჯნური გახდეს („ნათლისა გავხდე მიჯნური, რადგან თვალებსა ვახელო“ [გურამიშვლი, 1955:74]), პოემის მთავარი პერსონაჟი წარმოგვიდგება „ნათლის მეგობრად“. სინათლისაკენ სწრაფვა ქრისტესთან სიახლოვეს გულისხმობს; ხოლო „მზის მამზევებელთან“ ახლოს ყოფნის სურვილი სულში ღვთაებრივის მყოფობას მოასწავებს.
ქრისტიანული მოტივები მრავლად გვხვდება პოემის სხვა ეპიზოდებშიც. ავტორი საბრალოს „ძმობის ერთგულად“ სახავს. მესამე თავში ერთგვარი კონტრასტითაა ნაჩვენები უფროსი ძმების სიავკაცე და მათთან შეპირისპირებით ნაბოლარას, „ომარაანთ ბიჭის“, ღირსება და სათნოება. პოეტის თქმით,
„ძმები კი ნაორგულარსა
ჰმალვენ ცოლების სკივრშია“...
[ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:51]
იმავე თავში საბრალოს შესახებ ვკითხულობთ:
„ცდილობს ყოველის ღონითა,
ერთგული ჰყვანდეს ძმობასა...
უზიდავს სალაღობელსა
რძლებს, ძმისწულებსა, ყველასა,
თვითონ კი გლახაკად დადის
ატარებს ჩოხის ძველასა“
[ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:51].
უმცროს ძმას დაუთრგუნავს ყოველივე მიწიერი, წუთისოფლისეული სიამენი. იგი ირჯება სხვათათვის ისე, რომ არ ელის სანაცვლოს და მეტიც, მათთვის უფრო მეტის გაღება სურს, ვიდრე საკუთარი თავისთვის. ამით კი იგი ისევდაისევ განსაკუთრებულ, გამორჩეულ ადამიანად წარმოგვიდგება.
პოემის XIII თავში ვაჟა კვლავ იყენებს ზღაპრისათვის დამახასიათებელ ფორმებს („იტყვიან“, „თურმე“), რომლებსაც გადავყავართ მითოსურ სამყაროში, პირობითობის სფეროში და თითქოსდა მესამე პირით, „ძველის ამბების მცოდნეთა“ ნათქვამს გვაუწყებს: სამშობლოში დაბრუნებული, ნაგვემი საბრალო ძმებმა დამარხეს იმ ადგილას, სადაც „არც ხე იდგა“ და არც წყალი დიოდა, რათა, მათი აზრით, როგორც უწმინდური, შორს ყოფილიყო მათი მკვდრებისგან. მიუხედავად ამისა, ვიგებთ, რომ
„თურმე მის საფლავის თავით
ერთი წყაროა მომდენი,
და ხშირად საფლავის სტუმრად
ღამ-ღამ ცით მთვარის ოდენი
სხივი ჩამოდის და ადის ,
ქვეყნად სინათლის მომფენი“ [ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:95].
ავტორი განაგრძობს:
„ვინაც კი დაჰლევს იმ წყალსა,
რაც უნდა ჭირით პყრობილი
იყოს, მორჩება იმ წამსვე,
წყარო ისეა ცნობილი...
საბრალოს სამარის მადლი
ცხოველ-მცენარეთ მცველია“... [ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:95,96].
ვფიქრობთ, მოხმობილ ეპიზოდში ნათლად წარმოჩინდება ქრისტისნული მოტივები. წარმოუდგენელია, არ გაგვახსენდეს წმინდანთა ცხოვრების გზა და ნაღვაწის მადლი, რომელიც მათი სიკვდილის შემდგომ ეფინებოდა ქვეყანას, ვითარცა დასტური, რომ ისინი „ნანდჳლვე“ ქრისტეს გზის გამგრძელებელნი, ჭეშმარიტებისთვის მოწამენი და ამდენად, გამორჩეულნი არიან. გავიხსენოთ, რას წერს იოანე საბანისძე აბო თბილელის „მარტვილობაში“: „ხოლო ყოვლადძლიერმან ღმერთმან უფროჲს გამოაჩინა ძალი თჳსი და პატივ-სცა თჳსსა მას მარტჳლსა და აჩვენა სასწაული საკჳრველი, რაჲთა უწყოდიან ყოველთა, რამეთუ ქრისტჱს მოწამჱ არს…გარდამოავლინა უფალმან ადგილსა მას ზედა ვარსკულავი მოტყინარჱ... ხოლო კვალად მეორესა ღამესა უმეტჱსღა წყალთა გამოსცეს განსაკჳრვებელი ნათელი... აღმობრწყინდეს ნათელი სვეტისა მსგავსად, ვითარცა ელვანი...“ [ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, 1963:74,75].
წმინდანის ღვთივგამორჩეულობა და მისგან „სრბის აღსრულება“ აგიოგრაფიულ თხზულებებში არაერთგზისაა წარმოჩენილი. „გობრონის მარტვილობის“ ავტორი წერს: „ხოლო ღმერთმან… აჩუენა სასწაულნი ზეგარდმო, - ნათელნი ბრწყინვალენი ღამე ყოველ, ვითარცა ლამპარნი აღნთებულნი, და დაადგინიან ზედა მთხრებლსა მას“ [ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, 1963:183].
ამრიგად, პოემაში წარმოდგენილი ეპიზოდი მეტად ჩამოჰგავს წმინდანთა ღვაწლისჩენას, უფლისაგან მათი წმინდანობის დამოწმებას. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვაჟა არც წყლის სასწაულმოქმედებას უქცევს გვერდს, უფრო სარწმუნო გახდება ჩვენთვის, რომ საბრალო რიგითი ადამიანი არაა, ისაა გამორჩეული, „თავის რჯულზე შეუცდომელი“ კაცი, რომელსაც სხვათათვის სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ სიცოცხლეში, არამედ სიკვდილის შემდეგაც „მადლით ჰრწყავს არე-მარეს“.
ვფიქრობთ, აღნიშნული ეპიზოდი თვალნათლივ გვიხატავს საბრალოს, როგორც ღმერთთან მყოფის, ქრისტეს მცნებების აღმსრულებლის, მორალურ-ზნეობრივ სახეს. ამის დამადასტურებელი სწორედ ზემოთ მოხმობილი სასწაულებია. ამით ჩანს, რომ მისი საქმენი ნაყოფია არა „ხენეში“, არამედ ჯანმრთელი, „კეთილი ხისა“ (სწორედ, ეს კეთილი ხეა იგი) „რამეთუ არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში; არცა კუალად ხე ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი. რამეთუ თითოეული ხჱ თჳსისაგან ნაყოფისა საცნაურ არნ“ [ახალი აღთქუმაჲუფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, 2013, ლუკ. 6:43,44].
ავტორი კვლავ კონტრასტის პრინციპს იყენებს, რაც ვფიქრობთ, უფრო ნათელს ხდის და წარმოაჩენს საბრალოს გამორჩეულობას. აი, როგორ გვიხატავს იგი ძმების საფლავს:
„იქ თურმე დღეს-აქამომდე
ჭაობი არის დამდგარი
უცხოვლო, წყალი იქიდან
ჯერ არც ვის დაულევია,
თითქოს შხამი და ნაღველი
შიგ ვისმე გაურევია“
[ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:96].
ყოველი სულიერი, ფრინველნი თუ მხეცნი, „ვით სიკვდილს“, ისე ერიდება ძმების საფლავს. მეტიც, დედა შვილებს აფრთხილებს, რომ თუ თავი „დასაზიანად“ არ უნდათ, ერიდონ ძმების განსასვენებელთან სიახლოვეს. ფაქტობრივად, ეს ბოროტების გზაზე სვლის დაშლაა, ვინაიდან ჭაობი არაფერია, თუ არა სიმბოლო უწმინდურებისა, ყოველივე უკეთურებისა. იგი, თავის მხრივ, გამოხატულებაა იმისა, რომ საბრალოს ძმები არაზნეობრივად, ღვთის მცნებათა დაუცველად, შეუსრულებლად ცხოვრობდნენ.
მკითხველის ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ იმ სოფელში მცხოვრები ერთი ბერიკაცი ყრმებს უამბობს უმცროსი ძმის ამბავს იმ მიზნით,
„რომ ყველამ მისი სურათი
გულს ჩაისახოს, ჩაისვას,
და ტრფიალება კეთილის
თვალთა წამწამზე დაისვას,
თუ ჰსურთ, რომ მათი ხსენება
კიდით კიდემდე გაისმას, -
კაცთა გამხმარმა ცხოვრებამ
ია და ვარდი დაისხას“
[ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:96].
მაშასადამე, ავტორის თქმით, საბრალოს თავგადასავლის სხვათათვის მოყოლა, ერთი მხრივ, მას (საბრალოს) მიანიჭებს აქ დარჩენილთა შორის სიცოცხლეს („თუ რას მადლს იზამს ქვეყნადა, მითი იცოცხლებს მკვდარია“), მეორე მხრივ კი, მაგალითის მიმცემი იქნება გზაზე მდგარი ახალგაზრდებისათვის, რომ ისინი მარად „ეტრფოდნენ კეთილს“ და თავიანთი ყოფით, სიტყვითა და საქმით წინ აღუდგნენ „წუთისოფლის სიამეთ“ _ „კაცთა გამხმარ“ ცხოვრებას, ვინაიდან „ესე ყოველი ცხორებაჲ, ვითარცა ყუავილი ველთაჲ, წარმავალ არს და დაუდგრომელ“ [ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, 1963:27], ხოლო „კარგს საქმეზედა მიბაძვა არა რა დასაძრახია!“ [გურამიშვლი, 1955:29].
თითქოს აგიოგრაფ მწერალთა მიზანს ეხმიანება პოემაში მთხრობელი ბერიკაცის ქმედება. „მარტვილობის“ აღმწერთა ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ხომ წამებულთა ღვაწლის წარმოჩენა იყო, რათა არ მისცემოდა დავიწყებას ამა თუ იმ მოწამის თავდადება, ბოროტებასა და უკეთურებაზე ძლევისა და სულიერი ახოვანების გაბრწყინების ამბავი. ამასთან, მკითხველი თუ მსმენელი მოწამის არა მხოლოდ თანამლმობელი, არამედ მიმბაძველიცუნდა გამხდარიყო.
პოემის მეთორმეტე თავში იკვეთება ავტორის ხმა და ვფიქრობთ, აღნიშნულ ეპიზოდში გადმოცემულია პოემის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი:
„ძვირფასი მხოლოდ სული გვაქვს,
სხვა დანარჩენი - მჩვარია“
[ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:93]
და:
„მაინც რო სულის ბუნება
მონა როდია მიწისა:
თავისი სამფლობელო აქვს,
თავის გზა კარგად იცისა!..“
[ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:94].
ერთი შეხედვით, ვაჟას თითქოს აქ უნდა დაესრულებინა ამბავი, ვინაიდან საბრალოს თავგადასავალიც დასრულდა და ავტორსაც გამოაქვს ნაამბობიდან სათანადო დასკვნა, თუმცა იგი სხვაგვარად იქცევა. პოემის ბოლო თავიდან ვიგებთ, რომ ფრინველი, რომელმაც გლახაკადქცეული საბრალო სახლში დააბრუნა, ამირანის გულ-ღვიძლის მკორტნელი არწივი იყო:
„აი, იმ არწივს გმირისა
ხვეწნა-მუდარა ჰსმენია,
და ერთი მადლი მანაც ქმნა,
სისხლის სმაც დაუთმენია
ცოტა ხანს, არა სამუდმოდ,-
ღმერთს მისთვის გაუჩენია
და ამირანის გულზედა
მის კლანჭი დაუბჯენია“... [ვაჟა-ფშაველა, ტ.IV, პოემები, 1964:98].
ვფიქრობთ, არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ვაჟა პოემის ამგვარ დასასრულს გვთავაზობს. ჩვენი აზრით, ამირანის მითის შემოტანა ავ-კარგის მონაცვლეობის, სამართალ-უსამართლობის, სინათლე-სიბნელის დაპირისპირების მარადიულ ჭიდილს უნდა ემსახურებოდეს. მართალია, პოემაში კონკრეტულად ერთი გმირის, საბრალოს, თავგადასავალი დასრულდა, მაგრამ ის ამბები, რაც მას გადახდა, მარადიულია, დაუსრულებელი, ასე ვთქვათ, წრეზე მბრუნავი, დროსთან ერთად განფენილი მარადისობაში (განსხვავებით „ბახტრიონის“ დასასრულისა, რომელშიაც გველი - ბოროტებაც კი მოთვინიერდება).
რაც შეეხება პოემის ზეპირსიტყვიერებასთან, კერძოდ კი, ზღაპართან კავშირს, აქ ვლინდება ერთგვარი სიახლოვე „მზის სიძესთან“. თუმცა „უიღბლო-იღბლიანში“, ვფიქრობთ, რომ ამ ქართული ხალხური ზღაპრიდან მხოლოდ მისი სიუჟეტის დასაწყისი (ძმებისაგან წასვლა, მწყემსსა და ყანის პატრონთან შეხვედრა, მათთან დადებული პირობა) არის აღებული მასალად და პოეტი მას გარდაქმნის, აქცევს ინდივიდუალური შემოქმედების ნაწილად.
ნაწარმოების დასასრულს ჩვენთვის ნათელი ხდება სათაურის დედააზრი. ავტორი თავადვე ამჟღავნებს დამოკიდებულებას მესამე ძმის, - საბრალოს, მიმართ. თითქოს დასკვნააო ვაჟასი, რომ უიღბლოა ამ ქვეყნად მესამე ძმა, მაგრამ ამავდროულად იღბლიანიცაა, რადგან მას ღმერთმა მარადიული სამყოფელი განუწესა. „უიღბლო-იღბლიანი“ მეტყველებს წუთისოფლის მკვიდრთა სულიერ სიმაღლეთა იერარქიაზეც, კერძოდ, ერთი ნაწილისთვის პერსონაჟი უიღბლოა. ასეთნი გულისყურით ხედვისთვის დაბრმავებულნი არიან, ხოლო სხვანი (რომელნიც მას იღბლიანად თვლიან) „გულითა ბრძენითა“ აფასებენ წითისოფელს. ამგვარი სათაური მკითხველის, რეციპიენტის აზრთაწყობას, მათს სულიერ მდგომარეობასაც მიემართება. მკითხველის აღქმასა და შემეცნებაზეა დამოკიდებული პოემის სათაურში ჭეშმარიტების ამოცნობა და უმაღლეს ფასეულობათა წვდომა, ავისა და კარგის გარჩევა.
ამრიგად, ვაჟა, ისევე, როგორც მისი წინაპარი დავით გურამიშვილი, თავის „სტვირს“ „გულის სიმთ ამაჟღერალ“ გრძნობათა გამოსათქმელად იყენებს. კორნელიკეკელიძემიუთითებს, რომ დავით გურამიშვლის პოეზიის სიმბოლური გამოხატულებაა „ქნარი“ და „სტვირი“. ნათქვამში _ „ვიმღერი თუ ვსტირი, ქნარი მაქვს თუ სტვირი, ზედ დავმღერ“ _ „ქნარი“ მწიგნობრული მწერლობაა, ხოლო „სტვირი“ - მდაბიოთა საკრავი, ხალხური პოეზია. მკვლევარი მიიჩნევს, რომ გურამიშვილის შემოქმედებაში პოეზიის ორივე ნაკადია [კეკელიძე, 1980]. ვფიქრობთ, სამართლიანია იმავეს თქმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე. პოეტის სააზროვნო წყარო არის ხალხურ-ზღაპრული, მითოსური სამყარო, რაც ემსახურება ქრისტიანული მსოფლგანცდის წარმოჩენას.
რთულია მწერლის მსოფლმხედველობა ერთი პოემის განხილვის მაგალითზე წარმოჩინდეს, თუმცა, ვფიქრობთ, აღნიშნული საკითხი ნაწილობრივ მაინც გამოავლენს პოეტის ცნობიერების მიმართებას ბიბლიურ ცოდნასთან და მის შემოქმედებაში სახისმეტყველებითი თუ ბიბლიური ნაკადის არსებობას ცხადყოფს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. კალანდარიშვილი ე. 2012. „ბიბლიური პარადიგმატიკისა და სახისმეტყველების თავისებურებანი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში“, ჟურნლი „სჯანი“, #13;
2. კეკელიძე კ. 1980. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.II, თბილისი;
3. სულავა ნ. 2005. „ნათლისა გავხდე მიჯნური“, კრებული „დავით გურამიშვლი - 300“.
წყაროები:
1. ახალი აღთქუმაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. 2013. თბილისი;
2. გურამიშვილი დ. 1955. „დავითიანი“, თბილისი;
3. ვაჟა-ფშაველა, პოემები, ტ.IV, 1964. თბილისი;
4. ვაჟა-ფშაველა, პოემები, ტ.III, 1964. თბილისი;
5. მცხეთური ხელნაწერი (ტობის, ივდითის, ესთერის, იობის წიგნები, ფსალმუნი, იგავთა წიგნი), 1983. თბილისი;
6. მცხეთური ხელნაწერი (ეკლესიასტე, სიბრძნე სოლომონისა, ქებათა ქება სოლომონისა, წინასწარმეტყველთა წიგნები - ესეაია, იერემია, ბარუქი, ეზეკიელი), 1985. თბილისი;
7. ქართული ხალხური ზღაპრები, წიგნი II, 1952;
8. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები,წიგნი I , 1963. თბილისი.